აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ და მისმა შვილებმა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს. მათ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქცია სიმბოლურად ემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაეროს მხარდაჭერით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონფერენციის, COP29-ის გახსნას.
1 ნოემბერს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს. სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ აფგან სადიგოვის ადვოკატები ითხოვდნენ გირაოს ან პირადი თავდებობის გამოყენებას, რასაც ასაბუთებდნენ იმ გარემოებებით, რომ აზერბაიჯანში მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოა, ექსტრადიცია კი მის დასჯას ისახავს მიზნად.
„არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ, და ამასთანავე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამწუხაროდ, სასამართლომ არსებული გარემოებები სათანადოდ არ შეაფასა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.