აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა - ის 133 დღეა, შიმშილობს

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სადიგოვის წარმომადგენელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“ ქეთი ჩუთლაშვილი ჟურნალისტის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აფგან სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის 3 თვით გაგრძელების ვადა, ეს არის ბოლო შესაძლებლობა, როცა შეიძლება იყოს გაგრძელებული და გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა. ამის შემდეგ ან უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ან მისთვის სხვა აღკვეთის ღონისძიების შერჩევა მოხდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრობის ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა“, – თქვა ადვოკატმა.

აფგან სადიგოვის ცოლის ცნობით, ის 133 დღეა, შიმშილობს.

სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე თანხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა 28 ნოემბერს დააკმაყოფილა, თუმცა 14 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოცემამდე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სადიგოვის საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარს ეხებოდა. სააპელაციოს ეს გადაწყვეტილება „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტრასბურგში გაასაჩივრა და დროებითი ღონისძიების გაგრძელება მოითხოვა, რაც რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის საქმეზე დროებითო ღონისძიება მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 4 მარტამდე აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრძალული აქვს. იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გააგრძელებს დროებითი ღონისძიების გამოყენებას და საბოლოოდ საქართველოს აეკრძალება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ვინაიდან ევროპული სასამართლო ხედავს რისკებს, რომელიც აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ის დაექვემდებარება დევნას. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ეტაპად იქნა მიღებული. თავდაპირველად, საქართველოს აკრძალული ქონდა სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ჩაგვბარდა, 28 იანვარს, ევროპულმა სასამართლომ 4 მარტამდე აუკრძალა საქართველოს სადიგოვის ექსტრადიცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს.