ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ მოკვლევა დაიწყო აფხაზი გოგოს მიერ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელშიც ის ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა, თავად გოგო კი უწყებაში დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის ალიონა ტანიამ ვიდეო სოციალურ ქსელში 27 მარტს გამოაქვეყნა, რის გამოც „არაერთი განრისხებული მოქალაქის წერილი მიიღეს“.
დე ფაქტო შსს-ს ცნობით, მათ ალიონა დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. გოგომ უპასუხა, რომ ვიდეოს გამოქვეყნება სთხოვეს და ამიტომ დადო, თუმცა ამ საქციელს ნანობს.
უწყებაში გოგოსთან ერთად დაიბარეს მისი მშობლებიც. ალიონას მამა დე ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ მან თავად გამოიარა ომი ქართულ მხარესთან და შვილის ეს საქციელი მიუღებლად მიაჩნია, ხოლო შეკითხვაზე, რატომ მისცა მას ამის უფლება, მამამისი პასუხობს, რომ არ იცოდა, ალიონა ამას თუ გააკეთებდა.
ტიკ-ტოკზე ვიდეო, რომელშიც გოგო ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა, აღარ იძებნება.