საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქმიანობა შეაჯამა. დღევანდელ პრეზენტაციაზე მან ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად და იდეად, რომლის ირგვლივაც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს, ქვეყნის ტერიტორიული გაერთიანება დაასახელა.
პრემიერის თქმით, ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა. მისი განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დაიბრუნოს და საამისოდ მთავრობას აქვს გეგმა.
„მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, სულ რაღაც, 200 მლნ დოლარს შეადგენს და ეს ბიუჯეტი სრულად დოტაციაზეა. მინდა, ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირება აფხაზეთში, ასევე – სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ; ეს ყველაფერი გააზრებული გვაქვს და ამის შესახებ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა.
აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს მას უზარმაზარი პოტენციალი, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე-კარლო, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა, ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. კიდევ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ამ კონფლიქტის დასრულება და შერიგება. ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში,“ – თქვა ღარიბაშვილმა.