აფხაზეთში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 8 ადამიანის ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოასვენება მოხერხდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გადმოსვენებული პირებიდან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან ამ დრომდე ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 219. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის თქმით, კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. თუმცა, ნეშტების მოძიება გრძელდება.
„ეს იყო საკმაოდ მძიმე და ძალიან ემოციური შეხვედრა და მე კიდევ ერთხელ მინდა ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობა დავუდასტურო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მათთვის უძვირფასესი ადამიანების დაღუპვის დადასტურების შედეგად კიდევ ერთხელ განცდილი ტკივილის გამო და აქვე მინდა გამოვთქვა რწმენა რომ მათი ახლობლების ნეშტების დაბრუნება მცირედით მაინც ანუგეშებს მათ“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.