აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 5 პირი - მინისტრი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

მინისტრის თქმით, სხდომაზე განიხილეს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდითა და მხარდაჭერით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით პროცესში ჩართული უწყებების ძალისხმევითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი.

„ამ დრომდე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის შედეგად, იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 206 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი“, – ამბობენ უწყებაში.