აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
სადავო ე.წ. კანონპროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობასა და მათი უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ეხო კავკაზას” ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემაც.
ე.წ. კანონპროექტმა ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია – სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, მისი მხარდამჭერები ინიციატივას ეკონომიკური განვითარების საჭიროებით ამართლებდნენ, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს რეგიონის დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ უსაფრთხოებას კატასტროფულ საფრთხეს შეუქმნიდა.