აფხაზეთის ე. წ. საელჩოს გახსნით სირია საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევას განაგრძობს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „სირიაში ე.წ. „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნით დამასკო საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევას განაგრძობს. საერთაშორისო საზოგადოებას დაგმობილი აქვს და მომავალშიც დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – წერს ზურაბიშვილი.

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას განცხადებით გამოეხმაურა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადებაში ფაქტი შეფასდა, როგორც იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს. ნაგულისხმევია ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების აღიარებისა ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

სირიის არაბულ რესპუბლიკაში, დამასკოში, აფხაზეთის საელჩო დღეს, 6 ოქტომბერს გაიხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ე.წ. სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. საელჩოს გახნას ესწრებოდნენ სირიის არაბული რესპუბლიკის ჩინოსნები, რუსეთის, ვენესუელისა და კუბის წარმომადგენლები.