წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია.
„ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულია 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს.
„მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოჯახებს შეატყობინა მათი ახლობლების ამოცნობის შესახებ. ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში 14 აგვისტოს შედგება, სადაც ოჯახებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ექსპერტიზის ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მათი ახლობლების ხვედრის გასარკვევად.
„ამ პროცესის განმავლობაში, ასევე, გაგრძელდება ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ გარდაცვლილი ახლობლების ამოცნობით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება“.
ორგანიზაციის ცნობით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია 15 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში შედგება.
წითელი ჯვრის მონაცემებით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2 352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, ითვლება დაკარგულად. 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად.