აფხაზეთის ომში დაღუპულ გენერალ-მაიორს, გენო ადამიას ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გენერალ-მაიორს, გენო ადამიას საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭეს.

დღეს, სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯილდო მის შვილებს  გადასცა.

ასევე, სენაკში N 1 საჯარო სკოლას გენო ადამიას სახელი მიენიჭება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხიდზე დაიღუპა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. ის კოდორის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა.

გენო ადამია 1992 წლის აგვისტოში 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წლის სექტემბერში კი – ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინიშნა.

მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია. გენო ადამიასთან ერთად იბრძოდა მისი ორი ვაჟი.

გენო ადამია დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე. გენო ადამიას სიკვდილის შემდეგ ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენები.

დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 13 თვისა და 13 დღის შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა სოხუმი აიღეს.

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.