აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა.
„ბჟანიას მდგომარეობაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. ის გამოყვანილია მედიკამენტოზური კომიდან. პულსი და წნევა ნორმალიზებულია”, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს” სამედიცინო წრეებიდან წყარომ განუცხადა.
ასლან ბჟანია კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. „ეხო კავკაზა” წერს, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის და მისი დაცვის წევრები მოწამლეს.
წინა კვირის ბოლოს ბჟანია მოსკოვში აფხაზურ დიასპორას შეხვდა და პრესკონფერენციაც გამართა.
აფხაზეთში 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ბჟანია აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა, 2019 წლის გაზაფხულზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სექტემბრის „არჩევნებში“ მონაწილეობა ვეღარ მიიღო.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობენ: ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლეონიდ ძაპშბა.