აფხაზეთის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი

პუბლიკა

ასლან ბჟანია კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, – ამის შესახებ აფხაზური გამოცემა წერს.

მათი ცნობით, ჯერჯერობით, უცნობია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება ძველი დაავადების რეციდივს უკავშირდება თუ ახალ მოწამვლას.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ორშაბათს დილით გახდა ცუდად, როდესაც მოსკოვიდან აფხაზეთში ბრუნდებოდა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში კრასნოდარის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინა კვირის ბოლოს ბჟანია მოსკოვში აფხაზურ დიასპორას შეხვდა და პრესკონფერენციაც გამართა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 22 მარტს არის ჩანიშნული, ჩაიშალოს.

აფხაზეთში 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ბჟანია აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა, 2019 წლის გაზაფხულზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სექტემბრის „არჩევნებში“ მონაწილეობა ვეღარ მიიღო.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობენ: ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლეონიდ ძაპშბა.