აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ირაკლი კობახიძეს მიმართავს, მოაწეროს ხელი დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.
რეჟიმი პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ირაკლი კობახიძემ თქვა:
„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში”.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის რიტორიკა, რომელიც უკვე მრავალჯერ ითქვა იმავე მითიური ტერმინებით”.
„მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება იმავე სულისკვეთებას გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ”. – ნათქვამია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უწყების განცხადებაში.