აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას მოთხოვს

პუბლიკა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისს მოუწოდებს, „უარი თქვას პოლიტიკურად მოტივირებულ რიტორიკაზე” და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას.

საოკუპაციო რეჟიმი თბილისს „ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც შეახსენებს”.

განცხადებაში წერია:

„ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებების შემდეგ, მათ შორის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადების, რომ „საქართველოს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს ოსურ მხარეს და დასაჯოს ყოფილი ხელისუფლება”, აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდება პრაგმატულ ინტერაქციას ტრანსკავკასიაში განვითარებული რეალიების გათვალისწინებით”.

თუმცა, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი წერს, რომ „პრაგმატული მიდგომების ნაცვლად, რომლის მიზანიც ურთიერთობების დარეგულირება იქნებოდა, ქართველი ოფიციალური პირები აგრძელებენ ფორმულირებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ და არარეალისტურ განცხადებებს, რომლებიც მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას იწვევს”.

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი თავდასხმები ხელს უშლის შეუქცევად პროცესებს.

ასეთი მიდგომები არა მხოლოდ ხელს არ უწყობს გაჭიანურებული კრიზისის მოგვარებას, მაგრამ ასევე ძირს უთხრის დიალოგის შესაძლებლობას, რაც მხოლოდ ზრდის ორ ქვეყანას შორის უნდობლობას.

აქედან გამომდინარე, აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას” და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რაც მხედველობაში მიიღებს პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალიებს, რომლებიც 1992-1993 წლების და 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა”. – ნათქვამია განცხადებაში.

თავად საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უწყება არ აკონკრეტებს, რას მიემართება განცხადება. თუმცა, Exo Kavkaza-ს თანახმად, მისი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება, რომელიც რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში რეისების უკანონობას ეხება.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, ბაბუშერას აეროპორტში საცდელი ფრენა დაიწყო, ხოლო რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყება მაისიდან იგეგმება.

14 მარტს გამოცემა BMG-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, რომ სოხუმის აეროპორტის ამუშავება უკანონოა და არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ამიტომ მუდმივად უზრუნველყოფენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO)კოორდინაციას სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის მიზნით.

რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობას – ეს ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთი კი აცხადებს, რომ თავად მხარე არ არის და შეთანხმება უნდა გაფორმდეს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი იყო.