აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება - ორგანიზაციები

პუბლიკა

„აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც კი ბებუას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს“ – ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციები „უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ავრცელებენ.

ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყონ, ირაკლი ბებუას საკითხის 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილვა და ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომის მიღება ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებისთვის.

„ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თხოვნით, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად მომხდარიყო ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. სხვადასხვა სტრუქტურების და პირების ილუზორული დაპირებების გამო, ირაკლი ბებუას და მის ოჯახს წაერთვა შესაძლებლობა, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რომელიც მას საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას და სთხოვეს, ირაკლი ბებუას საქმით დაინტერესება, რაც გარკვეულწილად იყო იმის გარანტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ირაკლი ბებუა არ დაექვემდებარებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას და დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლის უფლება.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არ არსებობის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები გაატაროს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მას სათანადო გულისხმიერებით მოქმედებისა და ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების მიღების ვალდებულებებს აკისრებს, როგორც ზოგადად რეგიონის მიმართ, ისე კონკრეტული უფლებათა დარღვევის მსხვერპლთან მიმართებით“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული de facto მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც მთლიანობაში სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება.


ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა“. ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.