აფხაზეთში მობილიზაცია არ მიმდინარეობს, მაგრამ გამუდმებით იზრდება მოხალისეთა რაოდენობა - არძინბა

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, აფხაზეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროების გასაგზავნად მობილიზაცია არ მიმდინარეობს.

თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ ოპერაციაში“ მათი მოკავშირე რუსეთის, ასევე ლუჰანსკისა და დონეცკის, ე.წ. რესპუბლიკების სამხედრო ძალების დასახმარებლად წასულ მოხალისეთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. ამის შესახებ არძინბამ რუსულ პროკრემლისტურ გამოცემა РИА Новости-სთან ისაუბრა.

„აფხაზეთში მობილიზაცია არ მიმდინარეობს. მაგრამ მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ აფხაზმა მოხალისეებმა 2014 წლიდან აიღეს ხელში იარაღი და იცავენ დონბასის თავისუფლებას, ამ ხალხის რაოდენობა კი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც“, – თქვა არძინბამ და დასძინა, რომ „დონბასის გათავისუფლება“ აფხაზი მოხალისეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.


რამდენიმე დღის წინ რუსული დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Meduza წერდა, რომ კრემლი მობილიზაციის გამოცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც განიხილავს.

გამოცემის ცნობით, პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მათ უთხრა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გეგმავს ადამიანების გაგზავნას. წყაროს ცნობით, საუბარია ათასობით ადამიანზე.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

პუტინის განკარგულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი. თუმცა რუსული დამოუკიდებელი მედიაგამოცემები წერდნენ, რომ გაწვეულთა რაოდენობა შეიძლება რეალურად გაცილებით მეტი იყოს. საუბარია მილიონ ან მილიონ-ნახევარ ადამიანზე. კრემლმა გაწვეულთა რაოდენობის შესახებ პუტინის განკარგულებაში არსებული მე-7 მუხლი გაასაიდუმლოვა.

21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. რიგი დგას სახმელეთო საზღვრებთან, გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე.

იმავე დღეს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოსკოვიდან მინსკის, ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთები სრულად გაიყიდა.