რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი „ქართული ოცნების” დეპუტატს, გია ვოლსკის საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეხვდა. ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი კადრები მოძრაობა „დროამ” გაავრცელა.
მათ შეხვედრას პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფეში პარტია “დროას” წევრები შეესწრნენ.
„დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები:
- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
- პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
- საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
- ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„დროამ” გამოაქვეყნა ნაწყვეტები და ციტატები ვოლსკისა და ხიდაშელის საუბრიდან.
მოძრაობის თანახმად:
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
- ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
- “რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული” – ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
- “7 კომპანიაა და 20% დღგ” – ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი.” – ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
- “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” – ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
- “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” – ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს.
„დროას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში დასახელებული თემების განხილვა არ ჩანს. კადრები კაფის გარეთ არის გადაღებული, სადაც ვოლსკის და ხიდაშელს მოძრაობის წევრები ესაუბრებიან და კითხვებს უსვამენ.
ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელთან ვაჭრობისა და აფხაზეთთან კონფედერაციის საკითხზე ისაუბრა, დღეს, 7 მარტს გია ვოლსკიმ დაადასტურა. მისი თქმით, შეხვედრის იდეა ხიდაშელისგან წამოვიდა.
დეპუტატმა თქვა:
„დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი გვქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, ნაცმოძრაობის პერიოდში რუსეთთან და შვეიცარიასთან იყო დადებული შეთანხმება, მათ შორის, საქართველომ რუსეთს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესძლებელია, რომ ეს სატრანზირო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს. თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ საომარ ვითარებაში, როცა რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, რამე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით რუსეთთან არა თუ შესაძლებელია, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის.
სიტყვა კონფედერცია ახსენა საკმაოდ ხმამაღლა, ისე, რომ გვერდით მსხდომებმა მოიხედეს კიდევაც. ამაში თუ რამე აზრობრივი დევს – ყველამ იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, რომ ასეთ ვითარებაში ამაზე ლაპარაკი არ არის”.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან” ხსნის, რომ თავისთავად კონფედერაციის იდეაში ცუდი არაფერია. თუმცა, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთიდან წამოსული ინიციატივა. დავით ხიდაშელი კი რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„გუშინდელი ჩანაწერის შემაშფოთებელი ფაქტორი არის ის, რომ ქართველებს და აფხაზებს შორის ისევ რუსეთი დგება. ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელი. თორემ, თავისთავად შიდა ქართულ კონტექსტში არ არის გამორიცხული, მსჯელობა იყოს კონფედერაციაზე – ვსაუბრობ მსჯელობაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
აღმოჩნდა, რომ ვიღაცები, ამ შემთხვევაში, ხიდაშელი შუამავლობს, რათა საქართველოს რუსეთის საშუალებით გვქონდეს კონტაქტი აფხაზურ მხარესთან”. – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, კონფედერაცია მართვის ფორმაა და ის ყველა შემთხვევაში მხარეებს შორის შეთანხმებაზეა დაფუძნებული.
„არ არსებობს კლასიკური კონფედერაცია”. – ამბობს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ მისაღები იქნებოდა ამ საკითხზე მსჯელობა აფხაზურ მხარესთან დასავლეთის შუამავლობით.
„შვეიცარიაც კონფედერაციაა. მაგალითად მე მინდა შვეიცარიული კონფედერაცია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ კონფედერაციას ერთი ფორმა აქვს. რაზე შევთანხმდებით აფხაზურ მხარესთან, ეს არის მთავარი. ყველაზე კარგი ვარიანტია, იდეა საქართველოს საზოგადოებაში მომწიფდეს”. – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.