აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან არაფორმალური დიალოგის გასაღრმავებლად მზად ვართ - ახვლედიანი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა გააღრმავოს დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან, ოღონდ დეპოლიტიზებული მიდგომით,  ადამიანის უფლებების საკითხებზე სასაუბროდ.

„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის. დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია ეს დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც Covid-პანდემიის პირობებში. ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგებიც და რიგ სფეროებსა და თემებზე ამგვარი დიალოგის გზით დაგროვილი, თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება, რაც მისასალმებელია.

ჩვენი სურვილია ეს პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე  კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის პლატფორმებში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების  ყველა რგოლი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

რაც შეეხება შერიგების პოლიტიკას, ახვლედიანის თქმით, „გაყოფილ საზოგადოებებს“ შორის თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირები შერიგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ამ მიზნით კი სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა.

„ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს პანდემიასთან საბრძოლველად გაეწიათ მნიშვნელოვანი დახმარება, რაც ამ დრომდე მიმდინარეობს და გაგრძელდება შექმნილი საჭიროებების შესაბამისად.

ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს პირველად მიეცათ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება, ხარისხიან განათლებაზე წვდომის ფართე და მრავალმხრივი შესაძლებლობები, ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“, რომელიც საერთაშორისო დონორების სახსრებით დააფინანსებს წარმოდგენილ ბიზნესპროექტებს“, – თქვა ახვლედიანმა.

საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს მეორე დღეა უსმენენ. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და ის ახალმა პრემიერმა უნდა შეცვალოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.