აფხაზური მხარე ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისის შეთავაზებაზე უარს ამბობს

პუბლიკა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება უარს ამბობს თბილისის შეთავაზებაზე კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

როგორც „ეხო კავკაზა“ აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით წერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია იქნება.

„საქართველოს და მისი ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას. ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში მალე დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი პრეპარატით, რომლის ეფექტიანობაც პრაქტიკაშია დადასტურებული“, – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 30 მარტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთვება.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას, მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან.

სქემა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, იქნება იგივე, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე – ყველა ექიმი და ის რისკ-ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდ-ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან.  მათი ვაქცინაციაც წარიმართება იმავე სქემით“, – განაცხადა მინისტრმა.