აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ. ბათუმის აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. მეზღვაურებს თან ახლდნენ გემთფლობელი კომპანიის წარმომადგენელიც. მათ ჩამოსვლის შემდეგ სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს და თავს კარგად გრძნობენ.
„ფიზიკურად, ღმერთს მადლობა, არ შეგვხებიან. შეიძლება ითქვას, ნორმალურად გვეპყრობოდნენ. თუმცა პირობები, თავისთავად არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. საჭმელი გვქონდა მცირე რაოდენობით, მხოლოდ მაკარონი, ბრინჯი და წყალი”,- აცხადებს ერთ-ერთი დაბრუნებული მეზღვაური.
9 მეზღვაური, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქე, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაატყვევეს. მეზღვაურები საბოლოოდ 6 მარტს გაათავისუფლეს.