აფრიკაში ქალაქ ლაგოსთან 4 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. ინფორმაციას საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო ადასტურებს.
„მიმდინარე წლის 20 თებერვალს ადგილობრივი დროით 01:10 საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. თავდასხმის დროს გატაცებულ იქნა 10 მეზღვაური, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქე.
აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ გემთფლობელ კომპანიასთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან, ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. ოჯახები ინფორმირებულია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უშუალოდ შეხვდება თითოეულს“,- წერია სააგენტოს განცხადებაში
გატაცებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადება უკვე გააკეთა:
„ყველა ჩვენი პარტნიორი არის ჩართული, საბერძნეთში ჩვენი გენერალური საკონსულო და საკონსულო ორივე მუშაობენ ამ თემაზე და გველა ზომას ვიღებთ, მათ შორის გემფლობელებთანაც კავშირში ვართ”,- განაცხადა ზალკალიანმა.