გუშინ, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე სულ 13 პირი დააკავეს.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს 12 მათგანის მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები პოლიციამ გუშინვე გაათავისუფლა.
ერთი პირი კი სსკ-ის 353 მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება გუშინ დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.
ასევე, სანაძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 2 ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო ერთ-ერთი მოქალაქე, ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.