აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„ხალხს ნგრევის პერიოდში დაუდგა გვერდით. ჩვენი არ დანგრეულა, კანონიერი სახლი გვაქვს, მაგრამ შეეცოდა ხალხი და დაუდგა გვერდით”, – ამბობს ჟურნალისტებთან ბრალდებულის ოჯახის წევრი.

ფოცხვერაშვილს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებას მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ ყოფილიყო რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული. თუ კი მაინც იქნებოდა, ყოფილიყო გირაო, მაგრამ მოვითხოვეთ მინიმალური ოდენობით – 1000 ლარი. თუმცა სასამართლომ 10 ათასი ლარის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება გასაჩივრდება თუ არა – ამაზე, რა თქმა უნდა, კიდევ გავივლი კონსულტაციებს უშუალოდ ბრალდებულსა და მის ოჯახის წევრებთან”, – აცხადებს ადვოკატი.

პროკურატურა ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას მოითხოვდა.

ვანო ფოცხვერაშვილი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეწყვეტას ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით, 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.


ამავე დღეს აფრიკის დასახლებაში კიდევ 12 პირი დააკავეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება 15 დეკემბრის დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.