„აფრიკის დასახლებაში 6-სულიანი ოჯახისთვის სახლის დანგრევას აპირებენ" – PHR სასამართლოს მიმართავს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ცნობით, აფრიკის დასახლებაში 6-სულიანი ოჯახისთვის სახლის დანგრევას აპირებენ. როგორც PHR-ის წარმომადგენელი ანა აბაშიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, ოჯახს მერიისგან გაფრთხილება მიუვიდა, რომ უკანონოდ არის სახლი აშენებული და დემონტაჟს ექვემდებარება. PHR-ის ცნობით, ოჯახს სახლის დაცლის ვადა 20 დეკემბრამდე მისცეს.

ანა აბაშიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ოჯახში ცხოვრობს 8 წლის გიგი და მისი ორი დედმამიშვილი. მათ ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია. აბაშიძის თქმით, ისინი დევნილები არიან და აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში გარეთ, ყინვაში დარჩებიან.

„მათ მიიღეს გაფრთხილება მერიისგან, რომ უკანონოა სახლი, რომელიც თვითონ ააშენეს და ოფიციალურად მიუვიდათ გაფრთხილება მერიიდან, რომ დემონტაჟს ექვემდებარება ეს კონკრეტული სახლი.  14 დეკემბერს ხელახლა დაურეკა მათ მერიის თანამშრომელმა, ვინმე ლაშა ქობულაშვილმა, რომელმაც ოჯახს აცნობა, რომ 20 დეკემბრამდე უნდა დაცალონ სახლი – ანუ ნივთები უნდა გაიტანონ, რადგან დაგეგმილია სახლის დემონტაჟი“, – გვიყვება ანა აბაშიძე.

PHR-მა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და  მათი სახლის დანგრევის შეჩერება მოითხოვა.

„დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით უკვე მივმართეთ სასამართლოს, რომ დროებითი განჩინება დადგეს. ხოლო თუ დაკმაყოფილდა, ათი დღის ვადაში ისევ მივმართავთ ძირითადი სასჯელით, რომ, საერთოდ, ასეთ გარემოში ბავშვების გამოყრა ქუჩაში პანდემიის დროს პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს და მათ შორის, კანონმდებლობას – როგორც ბავშვთა კოდექსს, ისე საერთაშორისო კონვენციას“, – აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, სასამართლომ დროებითი განჩინება დღესვე უნდა გამოიტანოს. აბაშიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მათი ძირითადი მოთხოვნა იქნება ალტერნატიული საცხოვრებელი ამ ადამიანებისთვის.

„მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ბავშვები ქუჩაში არ აღმოჩნდნენ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ეს უნდა დააკმაყოფილოს სასამართლომ“, – აღნიშნა აბაშიძემ.


მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ეს უწყება მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟზეა უფლებამოსილი. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

„პუბლიკას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცედურა მათი უფლებამოსილება არ არის და მას აღსრულების ბიურო ახორციელებს. მათი თქმით, მერია აფიქსირებს შენობის უკანონობას და შესახლების ფაქტს.