აფრიკის დასახლებაში პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლაა, მათ გზა საბურავებით ჩახერგეს

პუბლიკა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ. დილიდან რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ადგილობრივებმა გზა საბურავებით გადაკეტეს.

ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება აფრიკის ქუჩაზე დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.