თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე მშენებარე კონსტრუქცია დაანგრია.
ინსპექციის განცხადებით, ნაგებობები სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ იყო აშენებული. მათივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ნაგებობების მფლობელები გააფრთხილეს, რომ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ.
„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი“, – წერს ინსპექცია.
გაფრთხილების შემდეგ ინსპექციამ „სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა“.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ დემონტაჟი გამთენიისას დაიწყო და პროცესის უსაფრთხოებას ბევრი პოლიციელი იცავდა.
„დავრჩით უსახლკაროდ, ქირით ვართ, უნდა გადმოვსულიყავი უკვე“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ადგილობრივი.
„ამ სახლს რომ დამინგრევენ და მეტყვიან, ქირით გაგიშვებთო, სად უნდა გამიშვან ქირით? 3-4 თვე გადაუხადეს იმ ხალხს და ქუჩაში დატოვეს. მეშინია, ახლაც შიშის ქვეშ ვარ, მეშინია, დღეს საღამოსაც არ მოვიდნენ“, – აცხადებს დასახლების მცხოვრები.