აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი მოქალაქეებმა თბილისის მერიასთან გააპროტესტეს

პუბლიკა

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა დღეს აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ხალხს, ვისი სახლებიც დღეს პოლიციის თანხლებით დაანგრიეს.

„ბატონმა მერმა დღეს ახსენა უკანონობა, რომ არსებობენ „კარგი ღარიბები“, რომლებიც კანონს არ არღვევენ და არსებობენ „ცუდი ღარიბები“, რომლებიც კანონს არღვევენ.

ამ შემთხვევაში კანონს არღვევს ცალსახად მერია, როცა ზამთარში, პანდემიის დროს, მაშინ როდესაც გამოსახლებები შეჩერებულია, ასახლებს ადამიანებს. თან ისე, რომ გეგმა არ აქვს. საერთოდ, გეგმა არ აქვს სახელმწიფოს, ათწლეულებია არ აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს ღარიბებს. ეს არის დიდი უსამართლობა და უკანონობა.

ეს არის სპონტანური აქცია, რომლითაც სოლიდარობას ვუცხადებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელებთ ამ პროტესტს და დავასრულებთ უსამართლობას“, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელმა, კოტე ერისთავმა.

მერიასთან შეკრებილი მოქალაქეების თქმით, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთა სახლებიც დღეს დაანგრიეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.

„ჩჩვენ ვერთიანდებით მოსახლეობის გარშემო და მოვუწოდებთ ყველას, მესმის, რომ რთულია გამოსვლა და ათას რამეს ეტყვიან, რომ არ გამოვიდნენ. მაგრამ დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს სახლებიდან ყრიან და უნდა მოვთხოვოთ პასუხი თბილისის მერს. ჩვენც ამისთვის ვართ მოსულები მერიასთან, რომ მოვითხოვოთ პასუხი, მოსულები ვართ იმ ხალხთან ერთად, რომელიც დღეს უსახლკაროდ დატოვა თბილისის მერიამ და ეს პროტესტი გაგრძელდება აუცილებლად“, – თქვა „მწვანეების“ წევრმა, მიშო ჯიბლაძემ.


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დღეს დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

დემონტაჟის პარალელურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სამართალამცველებმა ათამდე მოქალაქე დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს.

ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დახმარება ადგილზე 2 ადამიანს გაუწია, ხოლო ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ორსული კლინიკა „ღია გულში“ გადაიყვანეს. კიდევ ორ მოქალაქეს აღენიშნებოდა ნევროტულობა და მათ ადგილზე გაეწიათ დახმარება, – განუცხადეს „პუბლიკას“ 112-ის პრესსამსახურში.