თბილისში, აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ.
ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება აფრიკის ქუჩაზე დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად.
საპატრულო პოლიციას ცოცხალი ჟაჭვი აქვს გაკეთებული და როგორც „ტვ პირველის“ კადრებიდან ჩანს ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ტექნიკასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.
„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.