აფთიაქში შეძენილი ტესტის დადებითი პასუხით პირი, როგორც კოვიდგადატანილი, სისტემაში ვერ მოხვდება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ პირს აფთიაქში შეძენილი ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, ის ვერ მოხვდება საერთო ბაზაში, როგორც კოვიდგადატანილი.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

ჟურნალისტის შკითხვაზე, თუ პირმა აფთიაქში შეიძინა სწრაფი ტესტი, აჩვენა დადებითი, გადაიტანა კორონავირუსი, ამ შემთხვევაში როგორ დაამტკიცებს ის [ვირუსის გადატანას]?

„ამ შემთხვევაში ის სისტემაში, როგორც გადატანილი ვერ მოხვდება“, – უპასუხა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში გამოყენებული იყოს ანტისხეულების კვლევა? [როგორც დადასტურება ვირუსის გადატანისა]

გაბუნია პასუხობს, რომ: „ანტისხეულების კვლევას ამ მიზნით არცერთი ქვეყანა არ იყენებს, რადგან ანტისხეულების ტიტრი შესაძლებელია იყოს მომატებული სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, თუნდაც ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში, ამდენად ეს არ არის დღეს ვალიდური საფუძველი დიაგნოზის დადასტურებისთვის.

ჩვენ მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს, რადგან ჩვენი დაკავშირება ევროკავშირის სისტემასთან მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და გვქონდეს ტესტის პასუხი გადატანილი დიაგნოზის უკან,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.