„აგარის შაქართან დაკავშირებით, დღეს, როგორც ვიცი დიდ საგადასახადო შეღავათებზე არაა საუბარი. ქალბატონი ნათია [თურნავა] გაზის ფასის შესახებ ეხმარება კომპანიას მოლაპარაკებებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, აგარის შაქარი ჩვეულებრივ, რენტაბელურ გარემოში კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულს.
„აგარის შაქარი ჩვეულებრივ რენტაბელურ გარემოში ვერ არის კონკურენტული ბიზნესი. ფაქტია, იმიტომ, რომ ის მართვის პრინციპები, ის დანადგარები, ის ტექნოლოგიები, რომლებიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას იმპორტირებულ იაფ შაქარს ვერ უწევს. ან იყო ამოცანა, რომ სახელმწიფომ წლები უნდა ასუბსიდიროს სოციალური მიზნით, რომ უბრალოდ სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს, რასაც მდგრადობა გრძელვადიანად არ აქვს, ან, მაშინ, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა უბრალოდ, სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრობლემა გახდა შაქრის მომარაგება და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილები“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოხსენება წარადგინა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ მთავრობის ნაბიჯებსა და ანტიკრიზისულ გეგმას ეხებოდა. მოხსენების დასრულების შემდეგ პრემიერს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს.