„აგარის შაქრის” ქარხანაში დასაქმებულები ე.წ. მე-13 ხელფასს მოითხოვენ | კომპანია უარზეა და მათ 2 ტომარა შაქარს სთავაზობს

პუბლიკა

„აგარის შაქრის“ მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მათი თქმით, ისინი დაპირებულ ე.წ. მე-13 ხელფასს ითხოვენ.

როგორც „პუბლიკას“ ქარხანაში დასაქმებული ნაზი სვანაძე ეუბნება, ისინი წელიწადში 3-4 თვის განმავლობაში არ მუშაობენ, ხელშეკრულება დეკემბრის ბოლომდე ფორმდება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი, კომპანია ყოველ წელს გასცემდა ე.წ. მე-13 ხელფასს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქარხნის ამუშავებამდე თავის გატანა შეძლონ, თუმცა დასაქმებულებმა 24 დეკემბერს გაიგეს, რომ კომპანია უარს აცხადებს მის გაცემაზე.

„ვიდრე ქარხანა გაჩერდებოდა და დაიწყებოდა დასუფთავების სამუშაოები, თვითონ მეწილემ მთელი ქარხანა ფეხით შემოიარა და იყო სიტყვიერი დაპირება. ყოველ წელს ასე ხდებოდა…

წელს 70 ვაკანსია იყო და ამ სამოცდაათი ადამიანის მაგივრად იმუშავა დანარჩენმა კონტიგენტმა. ხალხმა ორ-ორი ცვლა იმუშავა და დღეებს აბამდნენ. მუშებმა არ გააჩერეს ქარხანა და რასაც ჰქვია წელებზე ფეხი დაიდგეს. ასეთი დავალებული დირექცია აქამდე არ ყოფილა…

ისედაც დაბალი ხელფასი გვაქვს 500-600 ლარები, სამარცხვინო და როგორ შეიძლება ოჯახები შევინახოთ მაგით? რა გაუჭირდათ ასეთი არ ვიცი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიის მესვეურებს სახელმწიფო უწევს თანადგომას, სუბსიდირებას და ძალიან ბევრ შეღავათს უკეთებს, ეს ყველაფერი არ მოდის მუშებამდე. ეს შეღავათი არ აისახება არც მუშის ხელფასზე, არც მუშის დანამატზე“, – აცხადებს სვანაძე.

ქარხანაში დასაქმებულები მოუწოდებენ მთავრობას, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში ან გამოისყიდოს ობიექტი.

„მთავრობის მხრიდან იყოს მოლაპარაკებები ან გამოისყიდოს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, რომ დაბა არ დაიცალოს და ოთხმოცდაათი წლის ქარხანა, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე დგას და ასეთ დოვლათს უშვებს პირველადი მოხმარების პროდუქტის სახით, არ დაიხუროს და ასეთი სპეციალისტები სახლში არ წავიდნენ და არ დაიცალოს დაბა მოსახლეობისგან“, – ამბობს ნაზი სვანაძე.

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სვანაძის განცხადებით, ქარხნის ორივე შესასვლელი გადაიკეტება.

„ქარხანას აქვს ორი შესასვლელი, საიდანაც დიდი ტრაილერები შედიან. არცერთი მტვირთავი მუშა შიგნით ხომ არ შევა და გადავკეტავთ მაგ შესასვლელსაც და მთავარ შესასვლელსაც.

არც თვითონ დირექტორს არ შევუშვებთ შიგნით, არ არსებობს. არც ერთი ტონა შაქრის რეალიზების უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა სვანაძემ.

საპასუხოდ, კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნათბილაძე BM.GE-სთან კომენტარში აცხადებს, რომ ე.წ. მე-13 ხელფასის დაპირება არ ყოფილა და „თანამშრომლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ“.

მისივე თქმით, კომპანიამ წელი ცუდი შედეგებით დაასრულა, ამიტომ წინა წლის მსგავსად პრემიები ვერ გასცეს და ერთი ტომრის ნაცვლად დასაქმებულებს საახალწლოდ ორ ტომარა შაქარს აძლევენ, 31 დეკემბრიდან კი ქარხანა კონსერვაციის რეჟიმში გადავა.

„თანამშრომლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ქარხანა დეკემბრის ბოლოდან კონსერვაციის რეჟიმშია გადასული. ჩვენი ვალდებულება, რაც იყო წლის ბოლომდე მუშაობა, ეს სამუშაოები დასრულდა და ქარხანა კონსერვაციაზეა გადასული, დასაქმებულებთან ხელშეკრულებები 31 დეკემბერს იწურება. დეკემბრის სახელფასო ანაზღაურება გადაერიცხებათ და წინა საახალწლოდ თითო მუშაკს საჩუქრად ორი ტომარა (50-კილოგრამიანი) შაქარი გადაეცემა. საიდან მოაქვთ მე-13 ხელფასისა და ბონუსების დარიცხვის პირობა რომ გვქონდა გაცემული, არ ვიცი.

საახალწლო პრემიებთან დაკავშირებით სხვადასხვა წელს განსხვავებული მიდგომა გვქონდა, წლის შედეგებიდან გამომდინარე. წლევანდელი წელი ძალიან არასახარბიელო იყო. მთელი ჩვენი საწყობები შაქრის პროდუქციით არის გადავსებული და არ იყიდება.

საახალწლოდ 1 ტომარა მათ ყოველთვის ჰქონდათ საჩუქრად, წელს ისე გავაკეთეთ რომ 2 ტომარას ვჩუქნით თითო თანამშრომელს. შარშან რომ მიიღეს მე-13 ხელფასი, ეტყობა, წელსაც ჰქონდათ ამის მოლოდინი. შედეგი არ არის შესაბამისი, როგორიც შარშან იყო და შესაბამისად, ვერანაირად ვერ შევცვლით ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ BM.GE-სთან და დასძინა, რომ „31 დეკემბერს დასრულდება მათი ხელშეკრულებებიც და ქარხნის მუშაობაც“.