„აგარის შაქრის” ქარხანაში პროტესტია, დასაქმებულები ხელშეკრულებით გაფორმებული ბოლო თვის – დეკემბრის ანაზღაურებას მოითხოვენ. პროტესტის მონაწილეები დღეს ქარხანასთან შეიკრიბნენ.
როგორც „პუბლიკას“ ქარხანაში დასაქმებულმა უთხრა, ხელშეკრულება დეკემბრის ბოლომდე ფორმდება, თუმცა დასაქმებულებმა ორი დღის წინ გაიგეს, რომ კომპანია ამ ეტაპზე უარს აცხადებს ბოლო თვის ანაზღაურების გაცემაზე.
„ხელშეკრულებას ვაფორმებთ დეკემბრის ბოლომდე და მერე, როგორც ყოველთვის, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ რომ უშვებ ადამიანს, ხომ აძლევ ერთი თვის ხელფასს? აი, ეგ იყო შეპირებული და ამას აკეთებენ ყოველ წელს. დეკემბრის ანაზღაურებაზეა საუბარი. ახლა რა მოხდა, არ ვიცი. ერთი თვის უკან ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ორი დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ აღარ მოგვცემდნენ.
ვმუშაობთ ჩვეულებრივად, 3-4 თვით რომ ჩერდება ხოლმე ქარხანა, ვასუფთავებთ ახლა, შაქრიანს ხომ არ დავტოვებთ და ეს არის ის, რაც გვეკუთვნის. ის პირობა, რაც ერთი თვის წინ დადეს, დაარღვიეს.
ისედაც დაბალი ხელფასები გვაქვს 500-600 ლარები, სამარცხვინო და როგორ შეიძლება ოჯახები შევინახოთ მაგით? რა გაუჭირდათ ასეთი არ ვიცი, ხალხი ორ-ორი ცვლა მუშაობდა, მუშები რომ არ ჰყავდათ“, – აცხადებს „პუბლიკასთან“ ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი, ნაზი სვანაძე.
სვანაძის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უფრო მეტი დეტალი კომპანიის პოზიციასთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი.
პროტესტის მონაწილე თანამშრომლებს დღეს აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, თემურ ხმალაძე შეხვდა და განაცხადა, რომ ის ბოლომდე მათ გვერდით იდგება.
როგორც ცნობილია, ქარხანაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალებისა და კომპანიის პოზიციის გასაგებად ცდილობს „აგარის შაქრის” წარმომადგენელთან დაკავშირებას, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.