აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა - გომელაური „აგენტების ელჩებად დანიშვნაზე“

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უარყოფს ყოფილი მოადილის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სუს-ში მუშაობის პერიოდში „ქართული ოცნების“ მოთხოვნით დაინიშნა 2 ელჩი, რომელიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა. როგორც გოგაშვილი წერს, ვახტანგ გომელაურმა მას უთხრა, რომ ორივეზე თანხმობა მიეცა, რაც გოგაშვილმა შეასრულა.

„აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს? ასე თუ ისე, იყო რაღაც თემები და ამ შემთხვევაში ვისზე საუბრობს, მართლა არ ვიცი. კონტრდაზვერვა თვლიდა ზოგიერთ კანდიდატზე, რომ მიზანშეწონილი არ არის. ვთქვათ, შეიძლება, რომ არ დაინიშნოს ამა თუ იმ ქვეყანაში, რადგან რაღაც მინუსი ჰქონდა ან იქ დიდი ხანი მუშაობდა. ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, მაშინ დაიბლოკებოდა“, – განაცხადა გომელაურმა.

გოგაშვილის ინფორმაციით, კანდიდატებიდან ერთ-ერთს რეკომენდაციას გოგა ხაინდრავა უწევდა.

„დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ, ბუნებრივია, შეაწუხეს თავიანთი „პატრონი“, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა, ამეხსნა, თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. „შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო“ ,– თქვა გომელაურმა.“