„აგენტების კანონი" ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა - ძიძების ასოციაცია

პუბლიკა

საქართველოს ძიძების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონი მათი ასოციაციისა და მათი მსგავსი ორგანიზაციებისთვის არის „დაცინვა”.

ასოციაცია წერს, რომ კანონი იმუშავებს მათ წინააღმდეგ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მსგავსი ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ძიძების ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის – ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის.

ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია. შემდეგ მალევე იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანადგომა.

დაახლოებით ერთი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და პროგრესული ფორუმის  მხარდაჭერით შევძელით უფასოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იურიდიული და პროფესიული დახმარება, დაგვეწყო საზოგადოებრივი კამპანია საოჯახო მშრომელების უფლებების და ღირსების დასაცავად.

ფინანსური დახმარება მივიღეთ იმისთვის, რისი კეთებაც საჭიროდ და აუცილებლობად მიგვაჩნდა და დღემდე ყველაფერი, რასაც ფულით ვაკეთებთ, მშრომელების საჭიროებებს და ინტერესებს ემსახურება. ფინანსური დახმარების ფარგლებში ასოციაციაში ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ორი ადამიანი – მათი ხელფასი ძიძის საშუალო ხელფასის ტოლია. მაგრამ კიდევ 4 ადამიანი მუშაობს ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე.

ჩვენი ტიპის პროფკავშირული ასოციაციები, ჩვეულებრივ, წევრთა საწევრო გადასახადებით ფინანსდება უცხოურ ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს თითქმის შეუძლებელია.

შეუძლებელია დაბალი ხელფასების, უღირსი საცხოვრებელი პირობების და უწესო საბანკო პროცენტების გამო. კვლევა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელიც საოჯახო მშრომელების შრომით პირობებს სწავლობს, აჩვენებს, რომ ძიძების და დამხმარეების უმრავლესობას არ შეუძლია, თუნდაც ხელფასის 1 პროცენტი გადაიხადოს საწევროს სახით ჩვენნაირი გაერთიანების შესანარჩუნებლად.  სწორედ ამიტომაა, რომ მიღებული ფინანსური დახმარება ანაცვლებს იმას, რისი გაცემაც ჩვენს წევრებს ამ დრომდე არ შეუძლიათ.

აგენტების კანონპროექტი – შეცვლილი სახელით – ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა, როცა ვხედავთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შეიძლება გეწოდოს იმის გამო, რომ შენი ქვეყნის არასახალხო პოლიტიკის და ეკონომიკის პირობებში პოულობ რესურსს და შესაძლებლობას ფუნქციონირებისთვის, შრომის პირობის გაუმჯობესებისთვის, ღირსებისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.