არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, თუმცა მის ამ კომენტარს უპასუხა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა:
„სულ პირიქითაა: ჩვენ ვერ შევთანხმდით! რადგან ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე! გამჭვირვალობის ინიციატივები სწორედ სამოქალაქო სექტორის მხრიდან არის შეტანილი წლების წინ პარლამენტში და თაროზეა შემოდებული! შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი პოზიცია ნათლად იყო მოსმენილი უმრავლესობის მიერ, კერძოდ ჩვენი პოზიციაა – მიუღებელია სწორედ პრიცნიპების დონეზე ამ კანონის მიღება, რომელიც კლავს ქვეყნის მომავალს და ამავდროულად ფეხქვეშ უნდა გათელოს თავისუფალი, ქვეყნის მართლა მსახური ადამიანების ღირსება, და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული პირველი მოსმენით, რომ ეს წითელი ხაზია!“, – განაცხადა მან.
„ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენელმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ კანონპროექტები პარლამენტიდან უნდა გაიტანონ, რადგან მათი პირველი მოსმენით განხილვა დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, რადგან შესაძლოა, ამან პრობლემა შეუქმნას კანდიდატის სატატუსს. ტუღუშის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს განუმარტეს, კანონად ქცევის შემთხვევაში რა ზიანს მოუტანს ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რადგან არ შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყი ჰქონდეს.
„ვფიქრობ, შევთანხმდით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი სუბიექტი ჩართულია გადაწყვეტილების ფორმირებაში მოქალაქის ცხოვრებაზე, მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს თუ რა ფინანსური ინტერესები დგას ამ ორგანიზაციის უკან. ეს არის ლოგიკა და ვფიქრობ, ამ ლოგიკაში ვთანხმდებით“, – ასე შეაფასა შეხვედრა შალვა პაპუაშვილმა.
მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შეთანხმდნენ იმაზე, რომ „არ არსებობს დღეს ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს თანაბრად გამჭვირვალე იყვნენ ეს ორგანიზაციები“.
„დღეს არსებული სისტემით, თვითრეგულაციაზე მიტოვება ამ საკითხის აჩვენებს, რომ არ არის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი და ამ კუთხით ჩვენი სისტემა ხარვეზიანია. ვფიქრობ, მეტნაკლებად არის თანხმობა, რომ მოქალაქის უფლებიდან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ფინანსურად გამჭვირვალე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციების წუხულია, რომ შესაძლოა, პროექტებმა მათი სტიგმატიზება გამოიწვიოს.
„სტიგმატიზება სამწუხაროდ, არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის გამოწვევა. ამაზეც არაერთხელ მითქვამს და ამ შეხვედრაზეც ვისაუბრე ამაზე. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჯგუფები ამკვიდრებდნენ ისეთ სტიგმას, როგორიც არის კლანი, სახელმწიფოს მიტაცება, ოლიგარქია, პოლარიზაციაც კი არის სტიგმა მე თუ მკითხავთ. ამ სტიგმებს აყალიბებენ სხვადასხვა აქტორები ჩვენს პოლიტიკურ დისკუსიაში და ამიტომაც მესმის ეს წუხილი, რომ შეიძლება არსებობდეს შიშები სტიგმები ხომ არ იქნება. თუმცა ესეც არის საკითხი და ამას უნდა გაუსწოროს თვალი ყველამ, რომ ამ სტიგმის შემოქმედები არიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩივიან, რომ თავად შეიძლება გახდნენ სტიგმის ობიექტი. ამიტომ, ამას ჭირდება ზოგადად საჯარო დისკუსია და განხილვა, რამდენად მისაღებია, როდესაც ასეთი სტიგმების დამკვიდრება ხდება“, – განაცხადა მან.