აგენტი ნიშნავს ინტერესების გამტარს და არა ჯაშუშს, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით - კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს არასამთავრობო სექტორსა და მედიას.

ამასთან კობახიძის თქმით, პრობლემას ვერ ხედავს ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად წოდებაში, რადგან ის ჯაშუშობისგან განსხვავდება და გულისხმობს, კონკრეტული ინტერესების გამტარს.

„თვითონ ტერმინს რაც შეეხება, მე არ ვიცი, შეიძლება სხვა შესატყვისიც არსებობდეს, რომელიც იგივე შინაარსს გამოხატავს, მაგრამ ტერმინი აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს. საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ ჯაშუშობაა დასჯადი. ანუ აგენტორული საქმიანობა, როგორც ასეთი, ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის დასჯადი, ჯაშუშობაა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე.

აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ რეალურად, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით. იმიტომ, რომ აგენტი არსებობს. დაზღვევის აგენტი არსებობს, რომლის მიზანია, რომ დაგარწმუნოს, კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო სააგენტოსთან. ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. სააგენტო ჰქვია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ეს არ ნიშნავს, რომ აგენტებზე მუშაობს. ეს მიღებული ტერმინია რეალურად და ნიშნავს ინტერესების გამტარს“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

კობახიძის თქმით, კანონრპოექტისადმი კრიტიკა, რომ ის შეიძლება არასამთავრობო სექტორის შესავიწროებლად გამოიყენონ, არასწორია, რადგან კანონპროექტი ფინანსების გამჭვირვალობას გულისხმობს, რაც მისი თქმით, სასჯელი ვერ იქნება.

„იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. გამჭვირვალე თუ გახდება კონკრეტული NGO-ს თუ სხვა ორგანიზაციის ფინანსები, ეს სასჯელია?! პარტიები დასჯილები არიან ახლა, რომ ახდენენ თავიანთი ფინანსების დეკლარირებას?!

პოლიტიკური პარტია რომ ავიღოთ, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, რა შემოსავალიც გვაქვს, ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ეს სასჯელი ხომ არ არის.

რატომ ხდება ეს? პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მათ შორის, დაფინანსების კუთხით, ვინ დგას კონკრეტული პარტიის უკან. NGO-ებზეც იგივე შეიძლება ითქვას, ხომ?!

ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არ არის საუბარი, აქ საუბარია სხვა მაუწყებლებზე, საუბარია ვებგამოცემებზე, ონალინ და ბეჭვდით მედიაზე, ყველაფერზეა საუბარი.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რეალურად რა დაფინანსებით მოქმედებენ ორგანიზაციები. ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.