აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები, გინდა პლებისციტი დაარქვან, გინდა მეორედ მოსვლა - ზარქუა

პუბლიკა

მმართველი პარტიის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის, მაგრამ ჯერ ოპოზიცია უნდა  ჩამოყალიბდეს, რა სურს.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის,  რომ მაგიდასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ. მათ შორის, პლებისციტის თემა შემოაგდეს, რომელზეც კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია და ამაზე არ ყოფილა საუბარი.

თუმცა თვითონ წამოჭრეს ეს თემა, მერე სააკაშვილი გამოვიდა და თვითონ დაგმო. ნუ, ასეთ ჭრელო პეპელასთან… ოპოზიცია ჩამოყალიბდეს რა უნდა, როგორ უნდა, მერე მობრძანდნენ და წარმოადგინონ თავისი პოზიციები.

ჩემი აზრით, პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ ვინმეს უნდა გაზომოს თავისი ნდობა საზოგადოებაში, აგერ არის ადგილობრივი  არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.


პლებისციტის თემა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა. 2 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მედიასთან საუბარისას ისევ ახსენეს პლებისციტის ჩატარება, როგორც კომპრომისი, სადაც მოსახლეობა გადაწყვეტს, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები.

როგორც ოპოზიციის წევრთა განცხადებებიდან ჩანს, ისინი განიხილავენ პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობას 2021 წლის თვიმმართველობის არჩევნებთან ერთად, სადაც მოსახლეობას პირდაპირი წესით ჰკითხავენ – სურთ თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„ქართული ოცნების“ წევრთა განცხადებები კი აჩვენებს, რომ მმართველი პარტია ამაზე თანახმა არაა.

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დროს ითქვა, რომ „ქართული ოცნება“ თანახმაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებული იყოს ერთგვარ პლებისციტად. ამ იდეას კი კატეგორიულად არ იზიარებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი. მაგალითად, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ კატეგორიულად განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ერთგვარ პლებისციტად გამოყენების იდეა არ განიხილება. იაგო ხვიჩია წერს, რომ ერთ-ერთ საკითხთან შეიძლება განვიხილოთ ის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებს, 2022 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ეს შეიძლება იყოს კომპრომისული ვერსია.