აღარ უდასტურდებოდა ვირუსი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - გოფოძე გარდაცვლილ პაციენტზე

პუბლიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ გუშინ კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ისაუბრა. როგორც ის ამბობს, პაციენტს თანხმლები დაავადებები ჰქონდა, რაც ამძიმებდა მის მდგომარეობას.

„ეს პაციენტი ჩვენთან მოიყვანეს მაისის დასაწყისში,  გადმოიყვანეს მარნეულიდან. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყველას გახსოვთ ყოველდღე, როცა კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია ჰქონდა დადასტურებული, ჰქონდა ასევე ბევრი თანხმლები დაავადება, გართულებები კოვიდინფექციასთან ასოცირებული. მძიმე დისტრესსინდრმით და სეპტიური შოკით შემოვიდა კლინიკაში,  დაუდგინდა შემდგომ ფილტვის ანთების ემბოლიის დიაგნოზი, ამასთანავე იყო გულის უკმარისობა, თირკმლების უკმარისობა, იყო ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეულ იქნება შედარებით სტაბილიზაცია, თუმცა შემდგომში კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა. გუშინ საღამოს გაუჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიბებისა, ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის დაბრუნება.

დიახ, რეტესტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია და მას არ უდასტურდებოდა ვირუსი. თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, იმ თვალსაზრისით, რომ ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც კოვიდინფექციამ განაპირობა, რომელიც იყო ჩამრთველი მექანიზიმი ყველა თანხმლები დავადების დამძიმების. ამიტომ ის მაინც აღირიცხა როგორც კოვიდგარადცვალებული”, – ამბობს გოფოძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 800 შემთხვევაა, აქედან 640 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა -13.