„აღარ ვიცით, როგორ ვატაროთ ბავშვები სარეაბილიტაციო ცენტრებში“ | მერიის პასუხის მოლოდინში

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა 4 სექტემბრის ნაცვლად, 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრების ნაწილი კი მუშაობას 1-ლი სექტემბრიდან იწყებს. მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ ტაქსით გადაადგილება ოჯახისთვის ფინანსური ტვირთი იქნება.

„ხვალიდან იწყებს მუშაობს ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი – მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი. მაგრამ რით უნდა ვატაროთ ბავშვები, წარმოდგენა არ მაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი, თინა პარკაძე, რომლის 7 წლის შვილიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა.

როგორც ის „პუბლიკასთან“ ამბობს, ცენტრში ბავშვის მიყვანა ყოველდღიურად უწევს, თუმცა, როგორც თერაპევტმა უთხრა, შეზღუდვების პირობებში შესაძლებლობა ექნება ონლაინთერაპიის სერვისი მიიღოს და ცენტრში კვირაში მხოლოდ ერთხელ მივიდეს.

„ეს ონლაინთერაპიები არის ჯერ ჩემი შვილის ტანჯვა და მერე ჩემი ტანჯვა“, – ამბობს თინა პარკაძე.

მისივე თქმით, მერიასა და სატრანსპორტო სამსახურს 30 აგვისტოს განცხადებით მიმართა, რათა უზრუნველყონ ბავშვების ტრანსპორტირება, თუმცა როგორც თინა პარკაძე აღნიშნავს, თბილისის მერიისგან პასუხი არ მიუღია.

„მე მოსკოვის გამზირზე ვცხოვრობ, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი კი ვაჩნაძის ქუჩაზეა. როცა ტრანსპორტი მოძრაობდა, ტაქსი 7 ლარი ღირდა. ახლა რომ შევამოწმე, 11 ლარი დამიწერა. ეს თანხა ორივე გზაზე რომ გადავიხადოთ, საიდან გვაქვს ამხელა შემოსავალი? ჩემი ქმარი მოსკოვის პროსპექტიდან ფონიჭალამდე ფეხით დადის სამუშაოზე, რომ საჭმლის ფული გვქონდეს სახლში. ამას რომ ტაქსის ხარჯი დაემატოს, აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს თინა პარკაძე.

როგორც „პუბლიკას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მერიის ჯანდაცვის სამსახურში საკითხის განხილვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილების მიღებისთანავე მას საზოგადოებას აცნობებენ. მათივე თქმით, გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ, თუმცა კონკრეტულ დროს ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ. როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, ტრანსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია მათთვისაც დღეს გახდა ცნობილი.