აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე - ეპისკოპოსი მელქისედეკი

პუბლიკა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მრევლი არაა ვალდებული დაესწროს ღვთისმსახურებას.

„ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ, ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულნი არიან, მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის“, – აღნიშნავს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი მელქისედეკი მრევლს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების რეკომენდაციები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, თქვენ არ ხართ ვალდებულნი, დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში“.

„გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს“, – წერს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი სთხოვს მრევლს, გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ „აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!“.