აღდგომის მერე ინკუბაციის მაქსიმალური პერიოდი არ არის გასული - ზახაშვილი, ე.წ. ეკლესიის კლასტერზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ხათუნა ზახაშვილი კონკრეტულად არ პასუხობს შეკითხვას, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაჩნდა თუ არა, ე.წ. ეკლესიის კლასტერი. ამის შესახებ მას კითხვა „პოსtv-ის” ეთერში დაუსვეს.

მისი თქმით, მოქალაქეებმა სწორად გაიგეს ის მოწოდებები, რომლებიც ჯანდაცვის უწყებებს ჰქონდათ მათ მიმართ, თუმცა, ზახაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაულიდან (19 აპრილიდან) ვირუსის საინკუბაციო პერიოდი არ დასრულებულა და შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს ინფიცირების ფაქტები.

„ადამიანებმა ძალიან სწორად გაიგეს მოწოდება, რაც იყო მასიურ თავშეყრებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად დაიცვეს ის წესრიგი, რომელიც საჭირო იყო ამ დაავადების გავრცელების ფარდობითი შეკავებებისთვის და შედეგები სახეზე გვაქვს.  ჯერ ცოტა კიდევ ადრეა – მაქსიმალური ინკუბაციის პერიოდი აღდგომის მერე არ არის გასული. ჯერ კიდევ გვაქვს მცირედი მოლოდინები, თუ სადმე მოხდა რაიმე ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ინფიცირების ფაქტები. შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ჯერჯერობით ის, რაც გაკეთდა, ჩანს, რომ არის სწორი და ის რაც გაკეთდა, იმან გამოიღო შედეგი”, – აღნიშნა ზახაშვილმა.