„აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, უტარდება დამატებითი კვლევა“ - ექიმი „მთავარი არხის“ ოპერატორზე

პუბლიკა

ექიმის განცხადებით, „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობს.

ექიმ ლელა წარაიას განცხადებით, აბლოთიას მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

„26 წლის მამაკაცი შემოყვანილია კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორიაციები, ტკივილი.

ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა საეჭვო რენტგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გაყვანილია დამატებით კვლევებზე“, – აცხადებს ექიმი.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

საპირისპიროს ამბობენ „ქართული ოცნების“ წევრები. მათი თქმით, აბლოთია კადრებს იღებდა და უკუსვლით მიდიოდა, რა დროსაც მოაჯირს დაეჯახა და გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში, ოცნების ოფისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.