აღიარების პირობებში, მაღალი ალბათობით, ჩვენი გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა - კობახიძე ჯაფარიძის მანდატზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში, მაღალი ალბათობით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა.

„აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული. როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას, მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა. როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო, ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება, ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას. გახსოვთ რა ხდებოდა? ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩვენ დავავალეთ სასამართლოს ამ განაჩენის გამოტანა და ამის გამო შეეფარდათ სასჯელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს და კიდევ სამ დეპუტატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე სამშაბათს, 15 თებერვალს შეუწყვიტა.

ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობა ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის მანდატის შეწყვეტას ჰქონდა, ამის მიუხედავად „ოცნებამ“, ხმათა უმრავლესობით აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციები და „ნაციონალური მოძრაობა“ გაუქმებული მანდატების შევსების მიზნით ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.