„აღიარებს და ინანიებს დანაშაულს" - ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის,  სერგო შუბითიძის ადვოკატი, დარეჯან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ შუბითიძე წარდგენილ ბრალს აღიარებს და „დანაშაულს ინანიებს”.

ცნობისთვის, სერგო შუბითიძე, რომელმაც „შაბათის ფორმულასთან” ინტერვიუში ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების გაყალბებაზე ისაუბრა, გუშინ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

„შევხვდი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი. პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. აღკვეთზე ჩვენი პოზიცია ის არის, რომ რადგან პირი აღიარებს [დანაშაულს], ნაკლებად მძიმე დანაშაულია… ოჯახი ჰყავს, სამი შვილი ჰყავს… არ უნდა იყოს ბრალდების მხარე ასეთი მკვეთრი და თვითონ სასამართლოც გადაწყვეტს. გირაოს შევთავაზებთ”, – უთხრა ჟურნალისტებს სერგო შუბითიძის ადვოკატმა.

პროკურატურა კი სერგო შუბითიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. მან დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ჩვენება. მას ბრალდება მოწმის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რაც ბრალდებულმა განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა რეალობას. როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან თქვა რომ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ვინაიდან, არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები“,- განაცხადა პროკურორმა, მარი მეშველიანმა.


თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე 25 ივნისს დააკავეს.

29 აპრილს, „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვებოდა.

რა თქვა შუბითიძემ? 

29 აპრილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ მისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებელი არაა. სერგო შუბითიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ორი კვირის განმავლობაში იძიებდა.

სერგო შუბითიძის თქმით, პირველი გარემოება, რომელიც მისვის ეჭვის საფუძველია, არის მატლების ძალიან დიდი რაოდენობა. „განა რამდენი ბუზი შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანაში?!… გვამი სავსე იყო მატლებით“, – განაცხადა შუბითიძემ.

გამომძიებლის თქმით, საეჭვო იყო ისიც, რომ გარდაცვლილის ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში ჩააბარეს. სერგო შუბითიძე ეჭვობს, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ გამეკეთებინა დადგენილება გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, რომელიც ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით – ელგუჯა პაპუაშვილი. მან მოიტანა ტელეფონი და ასევე ლუქი. ელგუჯა პაპუაშვილმა მთხოვა, რომ დამელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან, უნდა დალუქულიყო ადგილზე“, – ჰყვება სერგო თეთრაძე.

მისი თქმით, მეორე თუ მესამე დღეს ოქმის საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნა, დაათვალიერა შემოსული და გასული შეტყობინებები, ზარები და საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ

„17, 16, 15 ივლისს არანაირი ნომერი და მესიჯები არ იყო შემოსული. იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და მსგავსი რაღაცები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამიკვირდა“.

ყოფილი გამომძიებელი ასევე ამბობს, რომ, როგორც მაშინ განიხილავდნენ, ბაჩალიაშვილი ე.წ. ქოლცენტრში მუშაობდა. მისი თქმით, საეჭვოდ მოეჩვენა ბაჩალიაშვილის თანამშრომლების, კომპანია „ზეგის“ წარმომადგენლების დაკითხვის გარშემო განვითარებული მოვლენებიც.

მისი თქმით, კომპანია „ზეგის“ თანამშრომლები, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, გამომძიებელმა წინასწარ დაწერილი კითხვების შაბლონის მიხედვით დაკითხეს.