„აღიარეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია“ - მოქალაქემ ეკლესიებში გზავნილები დატოვა

პუბლიკა

„აღიარეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია“, – ეს ტექსტი მოქალაქემ, რომლის სახელს და გვარს არ ვასაჯაროებთ, ფურცლებზე დაბეჭდა და თბილისის რამდენიმე ეკლესიაში დატოვა.

როგორც მოქალაქე „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას სურდა ამ აქტით ხმა მიაწვდინა საპატრიარქოსთვის –

„ამ აქტის მიზანია საქართველო მხარში ედგეს უკრაინას, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს. დიდი ხანია, უკრაინის ეკლესია სთხოვს საქართველოს საპატრიარქოს, აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მინდოდა, როგორც მოქალაქეს რამენაირად მიმეწვდინა მღვდლებისთვის ხმა – იქნებ ეს ხმა საპატრიარქომდეც მივიდეს“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“.


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია. ავტოკეფალიის აღიარების პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებსაც განაგებს, ავტოკეფალიის აღიარებას ეწინააღმდეგება.