აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულ პირებზე - გოლეთიანი

პუბლიკა

„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლებიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში“, – ამის შესახებ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

სიტყვით გამოსვლაში გოლეთიანმა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოთხოვნების შესახებ ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ  ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა ქუთაისის მუნიციპალიტეტის შენობაში. როცა გვაბრალდებდნენ ჩვენ, თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან. ამიტომ ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა. ამიტომ დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში და აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არამარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში.

უმნიშვნელოვანესია, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც ფორმალურად მაინც არსებობენ ქვეყანაში, მივანიჭოთ ფუნქცია და ვალდებულება, ვაკონტროლოთ შემდეგ ისინი, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი.

პრეცენდენტის დაშვება იმისა, რომ უნდა მოხდეს აღიარება, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას და მთელ პროცესს, უნდა მოხდეს აღიარება, რომ აქ არიან დასასჯელი მთელი რიგი პერსონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს საკითხის პოლიტიზება, თუნდაც ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაცაა რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით და ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა, უბრალოდ რატომ და რისთვის და სრულიად დაუსაბუთებლად, ეს ყველამ იცით. ამიტომ  ხდება აპელირება იმაზე, თითქოს გვაქვს პოლიტიკური ინტერესი და ამიტომ ვაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. არა, მეგობრებო, ვინც კი დამნაშავეა, ვისაც აქვს ხელი მოწერილი, ამ ნიშნით უნდა აგოს პასუხი. ამიტომ ვერ შევიკავებთ თავს, თუ ვინმეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ქვეყანაში, ბოდიში მასთან, თუ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ ვთქვათ, რომ ხელი არ შეეშალოს თავისი პარტიული მიზნების განხორციელებაში.

ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ხელს ვუშლით ამ პროცესს. პირიქით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისა, რომ დაეშვება პრეცედენტი, რომ დამნაშავეები ბოლოს და ბოლოს დაისჯებიან ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გოლეთიანმა.