„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 2200 მასწავლებელი აღირიცხა, ვინც აგვისტოს მეორე ნახევრიდან აჭარაში იმყოფებოდა და უფასო PCR-ტესტირებას დაექვემდებარა.
„პარასკევს, შაბათს და კვირას გამოვიკვლიეთ 808 ასეთი მასწავლებელი, ქვეყნის მასშტაბით და 6 შემთხვევაში დაგვიდასტურდა ინფიცირება. რა თქმა უნდა, დაიწყო ამ მასწავლებლების იზოლირება, საავადმყოფოებში გადაყვანა და ეს გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერის კვლევა უკვე დასრულდა.
„მთლიანად ამოვწურეთ ამ დიდი კლასტერის, 32-ე სკოლის მასწავლებლებისა და მათთან დაკავშირებული დაახლოებით 77 კონტაქტის კვლევა. სრულად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.