აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულებმა იზოლატორი დატოვეს

პუბლიკა

48-საათიანი პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებმა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იყვნენ: „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა, ბექა კახიძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ვანო გომურაშვილი.

„განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ რომ დაგიჭირონ, როცა აქციაზე ხარ. შეშინების მცდელობაა, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები, ბრძოლა გრძელდება“, – თქვა ლოფონავამ „ფორმულასთან“.

ვანო გომურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„48 საათიც გავიდა, მეგობრებო გამოვედი, კარგად ვარ, მხნედ, შემართებით, ენერგიულად და ბრძოლის ხასიათზე, მადლობა ყველას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. წინ დიდი და აუცილებელი გამარჯვებაა !“

16 ნოემბერს ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევდა გზის სავალი ნაწილის სრულად გადაკეტილიყო, პერიოდულად იყო შეხლა-შემოხლა.