„მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კომპანია „ენკას” სასარგებლოდ ხალხზე ძალადობა”, – ქალთა ფონდი საქართველოში ეხმაურება რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას უცხადებს ხეობის გუშაგებს.
„მიგვაჩნია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით საქართველოს ხელისუფლება უხეშად არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს, იყენებს არაპროპორციულ, რეპრესიულ საპოლიციო ძალას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილების უფლებას და ეწევა სიტუაციის ესკალაციას ხეობაში.
ასევე, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ხეობის მცველთა კარვების აყრა, შეკრების ადგილის გადახვნა, კედლის აღმართვა და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მათი რეპუტაციის შელახვის უღირსი მცდელობები.
მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კომპანია „ენკას” სასარგებლოდ ხალხზე ძალადობა და მიმართონ ყველა ზომას, საკითხის საჯარო განხილვის ფორმატში გადასატანად, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს თავისი სამართლიანი პროტესტისა და პოზიციის გამოხატვა და რიონის ხეობის გადასარჩენად ბრძოლა”, – ნათქვამია განცხადებაში.