აღმოჩნდა, რომ 2019 წლის დეკემბერში ვუჰანში COVID-19-ის 13 შტამი არსებობდა | ჯანმოს მეცნიერი

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გამომძიებლებმა, რომლებიც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობას იკვლევენ, აღმოაჩინეს ნიშნები, რომ 2019 წლის დეკემბერში ვუჰანში ვირუსი ბევრად უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე გვეგონა. ისინი სასწრაფოდ ითხოვენ წვდომას ქალაქში მცხოვრებთა ასობით ათასი სისხლის ნიმუშზე, თუმცა ჯერჯერობით ჩინეთი მათ ამის გამოკვლევის საშუალებას არ აძლევს – იუწყება CNN.

ჯანმოს მისიის მთავარი გამომძიებელი პიტერ ბენ ემბარეკი CNN-თან ამბობს, რომ დეკემბერში ვუჰანში ვირუსის უკვე ათობით შტამი არსებობდა. ემბარეკის თქმით, „დეკემბერში ვუჰანში ვირუსი მასობრივად ვრცელდებოდა, რაც ახალი მიგნებაა“. რაც, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ვირუსი ბევრად ადრე გავრცელდა, ვიდრე ოფიციალურად დადასტურდებოდა.

ემბარეკის თქმით, მისიაში ჯანმოს 17 მეცნიერი და ასევე 17 ჩინელი მეცნიერი მონაწილეობდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის დეკემბერში ვუჰანში  კორონავირუსის 13 მუტაცია არსებობდა. მისივე თქმით, თუ ჩინეთში 2019 წელს ინფიცირებულ პაციენტთა უფრო დიდ რაოდენობას გამოიკვლევენ, უფრო ცხადი გახდება ვირუსის გავრცელების დრო და გეოგრაფია.

„ზოგიერთი შემთხვევა ბაზრობიდანაა, ზოგიერთი ბაზრობას არ უკავშირდება“, – ამბობს ემბარეკი კორონავირუსის ადრეულ შემთხვევებზე. მისივე თქმით, იყო მაგალითი, როდესაც მამაკაცს არც ბაზრობასთან ჰქონია შეხება და არც უმოგზაურია.

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი, ვიროლოგი ედვარდ ჰოლმსი აცხადებს, რომ ვირუსის 13 მუტაცია იმაზე მიანიშნებს, რომ COVID-19 2019 წლის დეკემბერზე ბევრად ადრე გავრცელდა.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გუნდი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში იანვარში ჩავიდა და COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის გამოძიება დაიწყო.

მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კვლევით დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და ზღვის პროდუქტების ბაზრობებზე მომუშავე პირები გამოჰკითხეს.

ჩინეთის ხელისუფლება თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ ვირუსის გავრცელება ჩინეთში არ დაწყებულა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პროფესორმა დეილ ფიშერმა BBC-ს უთხრა, რომ იმედი აქვს, საზოგადოება ამ ვიზიტს მიიღებს, როგორც სამეცინერო ვიზიტს. „ეს არ ეხება პოლიტიკას ან ვინმეს დადანაშაულებას, არამედ ეს არის მეცნიერული კითხვისთვის პასუხების მოძიების მცდელობა“ და დასძინა, რომ მეცნიერთა უმრავლესობას სჯერა, რომ ვირუსი „ბუნებრივი მოვლენაა“.